შიდა ქართლი



შიდა ქართლი არის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. მისი ადრინდელი სახელია ზენა სოფელი. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით - არაგვით, ჩრდილოეთით - კავკასიონით, დასავლეთით - ლიხის ქედით, სამხრეთით კი თრიალეთის ქედით. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზები, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ე. წ. არაგვის გზა), ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამან ხელი შეუწყო გზის გასწვრივ ისეთი ქალაქების ჩამოყალიბებას როგორიცაა: მცხეთა, მუხრანი, გორი, ურბნისი და სხვა.
ფართობი 6200 კვ.კმ (მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშაა 4807 კვ.კმ). შიდა ქართლის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები: 


ქალაქი ცხინვალი; 
გორის რაიონი; 
კასპის რაიონი; 
ქარელის რაიონი; 
ჯავის რაიონი; 
ხაშურის რაიონი; 
მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გორი.

მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული.



ეკონომიკა 

შიდა ქართლი თავისი რელიეფის მიხედვით ორ ნაწილად იყოფა,მთიან და ბარის ზონად, ბარის ზონაში განვითარებულია სოფლის მეურნეობის ისეთი დარგები, როგორიცაა მეხილეობა, მევენახეობა, მაბოსტნეობა,მეცხოველეობა და ა.შ. მთიანი ზონის ძირითადი დარგები კი მეცხოველეობა და მეფუტკრეობაა.



მოსახლეობა 

ქართლელები ქართული ეთნო-ჯგუფს განეკუთვნებიან, ძითადად შიდა ქართლში, მდ. მტკვრისა და მისი შენაკადების ხეობებში ცხოვრობენ. ქვემო ქართლში, ისტორიულ თორში, საუბრობენ ქართულ დიალექტზე, რომელიც დღევანდელი ლიტერატურული ქართულის ერთ-ერთი საფუძველია. ვახუშტის აღწერით: "ქართლელები მშვიდობიანი ხასიათით წინათ ბევრად სჯობდნენ კახელებსაც და იმერლებსაც. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ქართლს შუაგული ადგილი უჭირავს საქართველოსი და აქ მცხოვრებლებზე სხვადასხვა ველურ ხალხებს გავლენა ნაკლებად ჰქონდათ.მეორე მიზეზი, ხვნა-თესვის მიდევნაა. ეს ყველაზე მშვიდობიანი და ალალი საქმეა, სადაც არავითარი ადგილი არა აქვს მოყვასის მოტყუებას, რაიც ჩვეულებად გადაჰქცევია აღებ-მიცემობის ხალხს. თუ გლეხი მუყაითად გაირჯება და ღმერთიც ამინდს მისცემს, კარგი მოსავალი მოუვა. საკუთარი მარჯვენა და ღვთის ნება, აი ერთადერთი იმედი მხვნელ-მთესველისა. ამიტომ ხვნა-თესვა ხალხს წყნარის თვისებებისას ხდის და ძლიერ კარგი გავლენა აქვს ზნეობაზე. ამის გამო ერთმანეთის მტრობა, შფოთი და შური ქართლელებში უფრო იშვიათი იყო ვიდრე სხვებში. ოღონდ კი ქართლელს წმინდა სინდისი ჰქონოდა, თავისი თავი პატიოსან კაცად ეცნო, თორემ სხვისას მაგდენს არას დაგიდევდა. ქართული ანდაზა "თუ თავი ჩემი მეგობრად მყავს,ღარიბად არ ვიხსენებიო" სწორედ ქართლელზეა ზედგამოჭრილი".

შიდა ქართლის რეგიონში, ქალაქ გორში მდებარეობს უფლისციხის ისტორიული მუზეუმ- ნაკრძალი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი, ი. ბ. სტალინის სახლ-მუზეუმი.




ღირსშესანიშნაობები 

შიდა ქართლის რეგიონში, ქალაქ გორში მდებარეობს უფლისციხის ისტორიული მუზეუმ- ნაკრძალი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი, ი. ბ. სტალინის სახლ-მუზეუმი.

უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. არსებობდა ძვ. წ. IV საუკუნეებში, მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით ათ კილომეტრში. 

ატენის სიონი ძველი ქართული საეკლესიო ხურორთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში. აგებულია VII საუკუნის პირველ ნახევარში. იგი გორის რაიონში, მდ. ატენთან ახლოს, კლდეზეა აღმართული. გეგმით ეს არის ცენტრალურ გუმბათოვანი ნაგებობა. რომელიც დიდწილად მცხეთის ჯვრის არქიტექტურულ სქემას იმეორებს. ტაძრის ფასადები შემკულია მდიდრული რელიეფებით. 

გორის ციხე ისტორიული ციხესიმაგრე გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ისტორიულ წყაროებში იგი პირველად XIII საუკუნეში მოიხსენიება.გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენდა.საუკუნეთა მანძილზე ნაგებობა არაერთხელ გადააკეთეს და დღევანდელი სახე მან 1633 წლიდან მიიღო. 

ყინწვისის მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონში, ანსამბლიდან შემორჩენილია წმიდა ნიკოლოზის სახელობის, XII საუკუნით დათარიღებული, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი.ყინწვისის მონასტერი თავისი ულამაზესი ფრესკული მოხატულობით გამოირჩევა. 

სამთავისი-სამთავისის საეპისკოპოსო ტაძარი, ქართლში კასპის რაიონში მდებარეობს, ქართული ხურორთმოძღვრების ეს ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ძეგლითაგანი, XI საუკუნეში აუგია სამთავნელ ეპისკოპოსს, ილარიონ ყანჩაელს, რომელიც მიხსენიებულია აღმოსავლეთ ფასადის ქტიტორულ წარწერაში. სამწუხაროდ სამთავისის ტაძარი დროთა განმავლობაში ძლიერ დაზიანდა, ყველაფერს ატყვია XIX საუკუნის დროინდელ შეკეთებათა კვალი. გვიანი პერიოდის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. 



სამკურნალო კურორტები 

სურამი მდებარეობს ხაშურის რაიონში, ზღვის დონიდან 900-1000 მეტრზე. კლიმატური ტიპის კურორტი, სულფიდური მინერალური წყლებით. 

ქვიშხეთი მდებარეობს ხაშურის რაიონში, ზღვის დონიდან 730 მეტრზე, კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტების ტიპს განეკუთვნება, მდიდარია წყაროსა და მინერალური წყლებით. 

ბიისი კლიმატო- ბალნეოლოგიური კურორტი, მდებარეობს გორის რაიონში, მდ. თანის მარჯვენა სანაპიროზე,ატენის ხეობაში, ზღვის დონიდან 1080 მეტრზე, გამოირჩევა ლამაზი ლანდშაფტითა და უნიკალური სამკურნალო-მინერალური წყლით. 

ფელი მაღალი მთის კურორტი, მდეაბარეობს გორის რაიონში, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე.ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი - მაღალი მთის ჰავა. ეფექტურია ასთმის, სხვადასხვა ალერგიული, გულის დაავადებების, დაბალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. 

ხოვლე ბალნეოლოგიური კურორტი, ართროლოგიური სამედიცინო პროფილით, მდებარეობს კასპის რაიონში. ზღვის დონიდან 780 მეტრზე. 

რკონი მდებარეობს კასპის რაიონში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე, მაღალი ჰაერის გამო სასარგებლოა ბავშვებისა და მოზარდებისათვის. 

გარიყულა კასპის რაიონშია. ზღვის დონიდან 470 მეტრზე მდებარეობს, გარიყულას ჰაერი განსაკუთრებით სასარგებლოა ასთმით დაავადებულთათვის.